რუსეთის ეკლესიამ საბერძნეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტანოემბერი 3, 2019

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში, დღევანდელ წირვაზე, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ, პირველად, დიპტიქში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების ჩამოთვლისას, არ მოიხსენა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. საბერძნეთის ეკლესიის მეთაურის სახელი, წირვის განმავლობაში, დღეს საერთოდ არ ყოფილა ნახსენები.

ელადის ეკლესიის მეთაურის მოუხსენიებლობა, ფაქტობრივად, ნიშნავს ორ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას. თუმცა, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ლოცვითი ერთობა ელადის ეკლესიის იმ სამღვდელოებასთან შენარჩუნდება, რომელიც არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას.

რუსეთის ეკლესიის სინოდმა ელადის ეკლესიასთან ლოცვითი კავშირის შეწყვეტის გადაწყვეტილება 17 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო.

ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ 2019 წლის 12 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომლითაც ის უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს.