მეუფე ზოსიმე მისადმი ბრალდებების, სინოდის სხდომისა და მეუფე პეტრეს შესახებ საუბრობსნოემბერი 6, 2019

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გასაკვირია, რომ „31 წლის წინ, ეკლესიის მიერ უკვე გადაწყვეტილი ამბავი, ახლა გაჟღერდა“. მღვდელმთავარის განცხადებით, ამ ბრალდებების შემდეგ უმაღლესი იერარქიიის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

მეუფე ზოსიმეს თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც მისი ბრალეულობა დამტკიცდება.

„მე ასე მგონია, რომ ეს არ ხდება შემთხვევით. არ მინდა გავიხსენო ერთი მღვდელმთავრისაგან ამას წინათ ეკლესიაში გაკეთებული განცხადებები. ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ ის ახლოსაა სიმართლესთან, რომ დღესაც არის ძალები, რომელთაც ეკლესიაში არეულობა უნდათ. ან რაღაც უფრო მეტი“, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

ამასთან, მეუფე ზოსიმეს განცხადებით, შესაძლოა, ვინმეს არ აწყობდა ის, რომ მაშინდელ სასულიერო აკადემიას ხელმძღვანელობდა.

„ის ვიცი, რომ ამათთან ურთიერთობა ძალიან ძნელი იყო. მათ უნდიდათ შფოთი, არეულობა და დაძაბულობა შეეტანათ ეკლესიის ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, აკადემია მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ შეიძლება არც ის აწყობდათ, რომ აკადემიას სათავეში მე ჩავუდექი. მაშინ, კადრების და გამოცდილების ნაკლებობა იყო, თორემ ახლა ვხვდები, რომ მოვრიდებოდი იმ რთულ გარემოს და ატმოსფეროს-მეთქი“. განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

როგორც მან ანიშნა, სასულიერო აკადემიიდან ის პატრიარქს არ გაუთავისუფლებია და მხოლოდ საკუთარი ნებით წამოვიდა.

„რა თქმა უნდა, გული ძალიან მეტკინა. ეს ტკივილი დღემდე მომყვება. ამ ტკივილს ვატარებ, თავი ვერ გავითავისუფლე. იცით, რა ძნელია, როდესაც სიკეთე გინდა და ადამიანი ამის გამგები არ არის, არ უფრთხილდება?!“- აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ „ფეისბუქში“ 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

მიტროპოლიტმა მეუფე პეტრეს შესახებ დასმულ კიტხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ პირადად მისთვის არ უკითხავთ, უნდოდა თუ არა, მეუფე პეტრე გადაყენება, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ იყო ერთადერთი გამოსავალი, უფრო ფრთხილი მოქმედება შეიძლებოდა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრესთვის მღვდელმთავრებს დრო უნდა მიეცათ.

„მე არ მინდა სინოდის ამბები აქ გამოვიტანო. მაგრამ პირადად ჩემთვის არ უკითხავთ, რომ მეუფეო გინდათ თუ არა, რომ პეტრე გადავაყენოთ. იქ ისეთი საერთო აზრი იყო. მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, მეუფე გინდათ თუ არა, მე ჩემი მოსაზრება მქონდა, მეუფე ისაიას კიდეც გადავულაპარაკე, რომ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და შეიძლებოდა უფრო ფრთხილი მოქმედება. კიდევ რაღაცა დრო უნდა მიგვეცა მისთვის, თუნდაც ან მონასტერი ან რაღაც, მაგრამ ასე ერთსახად? სულ მეშინოდა არ გაბოროტდეს ეს კაცი, ამის შიში მქონდა, მერე რაღაც მსგავსიც დავინახე. არ უნდა მივიყვანოთ ადამიანი აქამდე. ადამიანს მოფრთხილება სჭირდება,“ – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

მისივე თქმით, დასჯა არ არის გამოსავალი, მთავარია ადამიანის გადარჩენა.

„პატრიარქის წინაშე ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის თავი ღვთისგან უნდა განისაჯოს. შეიძლება რაღაცა ტკივილი გქონდეს, მაგრამ… ამ 31 წლის განმავლობაში თქვენ გგონიათ ყველაფერი გასახარი და მოსაწონი იყო ჩემთვის? მაგრამ არასდროს ერთი სიტყვა არ მითქვამს, იმიტომ, რომ ის ეკლესიას განასახიერებს. უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ლმობიერი, ის ცდილობს ადამიანის გადარჩენას. დასჯა არ არის გამოსავალი, მთვარია გადავარჩინოთ, უნდა დავეხმაროთ, რომ ის გადავარჩინოთ. მაცხოვარიც ამისთვის მოვიდა, ცოდვილთა გადასარჩენად და არა განსასჯელად. უწმინდესიც ამაში ემსგავსება უფალს,“ – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.