საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილ თანხებზე ინფორმაციას ასაჯაროებსდეკემბერი 17, 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, თუ რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები. საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ  ეს ხელს შეუწყობს პროცესის გამჭირვალობას და საზოგადოებისათვის მართებული ინფორმაციის მიწოდებას

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ამ თანხების 80 % განათლებაზე იხარჯება.

“სახელმწიფოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კომპენსაციის სახით გამოყოფილი თანხები საზოგადოების მუდმივი განსჯის საგანია, ამ თანხის შესახებ ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, არ წყდება ცილისწამება და ბრალდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეცდება, ეტაპობრივად მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომელთაც მიემართება ეს დაფინანსება. ვიმედოვნებთ, ეს ხელს შეუწყობს პროცესის გამჭირვალობას და საზოგადოებისათვის მართებული ინფორმაციის მიწოდებას.

ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის 80%-ს განათლებაზე ხარჯავს, ანუ კომპენსაციის სახით გადმოცემული თანხის მთავარ (ძირითად) ადრესატებს წარმოადგენენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრები, ბავშვთა სახლები, მოხუცთა თავშესაფრები და სხვ. (ტელევიზია, რადიო, საგამომცემლო საქმიანობა).

გაგაცნობთ ამჟამად ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ამ დაწესებულებების შესახებ. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნული მონაცემები მუდმივად განახლდება და ეტაპობრივად განთავსდება ჩვენს გვერდზე. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვლასა და რაოდენობას, რომლებიც ფინანსდება ზემოაღნიშნული თანხიდან.

ესენია:
• უნივერსიტეტი – 4;
• საღვთისმეტყველო სემინარია-აკადემია – 8;
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – 6;
• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – 22;
• გიმნაზია – 12;
• პანსიონი – 8;
• სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა – 3;
• საგანმანათლებლო კვლევითი და ახალაგზრდული ცენტრი – 13.

2018 წლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მონაცემები შემდეგია:
• მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა – 10 516 (ცვალებადია),
• პედაგოგი – 1 395,
• მომსახურე პერსონალი – 800.” – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.