“საპატრიარქო ის ადგილია, სადაც ეკლესიის მართვისთვის აუცილებელ ადამიანურ სიბრძნესა და სიყვარულს შორენა განასახიერებს; განათლებას – “წმინდანად” თვითდეკლარირებული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე”დეკემბერი 17, 2019

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ეკლესიაში არსებულ ვითარებას ფეისბუქის პოსტით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“რუსთაველი ამბობს: “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”. სულში არსებული ძლიერი მისწრაფებები გარეგნულ მატერიალურ გამოვლინებებს ეძებს. ეს ჩვენი შემოქმედებითი, კულტურული, სოციალური, და რაც ახლა ჩემი პოსტისათვის მნიშვნელოვანია, ზნეობრივი ცხოვრების საფუძველია. ჩვენი ეკლესიის მაღალ იერარქიაში გაბატონებულმა სულიერმა განწყობებმა და ფასეულობებმა ყველაზე მეტყველი და ადეკვატური გამოხატულება საპატრიარქოში პოვა. საპატრიარქო არა მარტო ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანოა არამედ მისი “სულიერების” გარეგნული ხატია.
რას წარმოადგენს საპატრიარქო? ეს არის ციხე-სიმაგრე, რომელსაც მაღალი ქონგურები იმიტომ გაუკეთეს, რომ იქ ვერც გაჭირვებულმა ხალხმა შეაღწიოს და ვერც “უბრალო” სამღვდელოებამ, რათას ეკლესიის ან საკუთარ პრობლემებზე ისაუბროს. სამგიეროდ, კარი ფართოდ აქვს გაღებული ბიზნესმენ ჩხარტიშვილებს, მთავრობის წევრებს, და უცხოეთიდან ჩასმოსულ ცნობილ, მაგრამ საეჭვო სულიერი ფასეულობების მქონე პიროვნებებს.
საპატრიარქო ეს ის ადგილია სადაც ეკლესიის მართვისთვის აუცილებელ ადამიანურ სიბრძნესა და სიყვარულს შორენა განასახიერებს; სამართალს – “იურისტი” ქარჩავა; განათლებას – “წმინდანად” თვითდეკლარირებული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; მრევლისადმი სამოძღვრო დამოკიდებულებას კი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საპატრიარქომ ბევრ სასულიერო პირს გაუმწარა და დაუმახინჯა სიცოცხლე. ერთადერთი პასუხი, რომელსაც ხშირად კეთილმოსურნე კრიტიკის საპასუხოდ პოულობენ, ეს”ეკლესიის მტრის” იარლიკის მიკერება და “პატრიარქის მოწამვლის” მცდელობის ბრალდებაა; არადა, ყველაზე მეტად თავად მტრობენ ეკლესიას.
ორი ვარიანტია: ან საპატრიარქოში ისეთი რამ ხდება, რასაც თვით საერო სივრცეში იშვიათად ნახავ – ანაფორიანი ხალხი ციანიდებით დარბის, რომ ერთმანეთი დახოცოს, ან აგათა ქრისთის შესაფერ კრიმინალურ ისტორიებს თხზავენ მათივე უდანაშაულო თანამოძმის ცხოვრების გასანადგურებლად.
როგორ შეიძლება ეკლესიის რეალურად მმართველი ორგანო და მისი სახე იყოს შენობა, რომლისგანაც ისეთი ვიდეოები და ამბები გამოაქვთ, რომელზეც, როგორც ამბობენ, თვით მრავლის მნახველი ხალხიც კდემამოსილებით თვალებს ხუჭავს.
საპატრიარქო ყოველწლიურად ურცხვად იღებს ხალხის ფულს, ამახინჯებს სასულიერო პირების ცხოვრებას და სახელს უტეხს ეკლესიას. ამიტომაც, ეროვნულმა მთავრობამ, თუკი ეს საქართველოს ეღირსება, პატრიარქს რეზიდენციად წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ლავრა უნდა შესთავაზოს,ხოლო ქაჯეთის ციხედ ქცეულ ახლანდელ საპატრიარქო შენობას “დეზინფექცია” უნდა ჩაუტარდეს, რათა იქ მოკალათებული თავგასული, ბიზენისის მოყვარე და სკანდალურად კორუმპირებული ხალხისგან გაწმინდოს. ამხელა რეზიდენცია არ აქვს თვით მსოფლიო საპატრიარქოს, ელლადის ეკლესიას და ზოგადად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობას. ეს ანტიკვარებით გამოტენილი შენობა შესაძლოა უფრო ღმრთის სათნო საქმისთვის იყოს გამოყენებული, მაგალითად გადაეცეს სასულიერო აკადემიას, ან მოხუცთა თავშესაფარს, ან უდედმამო ბავშვებს.
რამდენი ხანია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ვარ. უამრავ სასულიერო პირს ვიცნობ და შევხვედრივარ: ეპისკოპოსებს, მღვდლებს და დიაკვნებს. ჯერ, მათ შორის არავინ მინახავს ისეთი, ვინც საპატრიარქოს პირად საუბრებში საშინლად არ ლანძღავდეს; არ იშურებენ კრიტიკას, გინებას და ზოგჯერ წყევლასაც კი. შინაგანად არავის მოსწონს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საჯაროდ, ქვეშევრდომული მონდომებით იცავს status quo-ს. და ამას ვითომ პატრიარქის სიყვარულით და ერთგულებით აკეთებს, მაგრამ რეალურად, ყველამ იცის, რომ ამის უკან მატერიალური დაინტერესებაა.
საქართველოს ეკლესიის ამ სირცხვილს ადრე თუ გვიან წერტილი უნდა დაესვას. ჩვენს ეკლესიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება და მისი რეპუტაციის აღდგენა მხოლოდ ასე შეიძლება დაიწყოს.

“ეკლესიის მტერი” გოჩა ბარნოვი.”