მეუფე გრიგოლის სამძიმარი: “ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ”დეკემბერი 18, 2019

ფოთისა და ხობის მოტროპოლიტი გრიგოლი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის
გარდაცვალების გამო,  ეპარქიის სამღვდელოებისა და სამწყსოს სახელით, ლუკა სირაძის ოჯახს უსამძიმრებს. სამძიმრის განცხადება ეპარქიის “ფეისბუკის” გვერდზეა განთავსებული:

“მიმძიმს სათანადო სიტყვის გამოთქმა, რითაც ნუგეშს მივანიჭებდი ლუკას მშობელ დედას, ახლობლებს, მეგობრებს, დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დღეს ჭირისუფლად მიიჩნევს თავს; ასეთ დროს ალბათ დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს.

ლუკა ჩემი შვილია, ჩვენი შვილია! ლუკა ჩვენი მოზარდი თაობის განუყოფელი ნაწილია! ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს!

ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით!

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა”.

ლუკა შვილო, ღმერთს ებარებოდე!

† მდაბალი გრიგოლი” – ნათქვამია მეუფე გრიგოლის სამძიმრის წერილში.