დღეიდან, რელიგიური მოსაზრებით, შესაძლებელი გახდა პირადობის უჩიპო მოწმობის აღებადეკემბერი 26, 2019

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო, იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მოქალაქეებმა ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ მიმართეს.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას.  მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

 

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.