ილია მეორე: “კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში”დეკემბერი 30, 2019

ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალთან პიედრო პაროლინთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ვატიკანის ეკლესიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ისტორიული ერთობის დასტურია.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა. მეოთხე საუკუნეში ოფიციალური რელიგია გახდა ქრისტიანობა მირიან მეფის დროს და მეხუთე საუკუნეში ავტოკეფალური. ცნობილი კანონისტი, მალსაბონი, რომელიც შემდეგ იყო ანტიოქიის პატრიარქი, წერს – ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესია და კვიპროსის ეკლესია გახდა დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ნეტარი პეტრეს დროს. საქართველოშიც პეტრე იყო და ანტიოქიაშიც პეტრე იყო. მე-11 საუკუნეში საქართველოს მეთაურს ებოძა პატრიარქის წოდება.

ბევრი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი საქართველოს. ჩვენ ვიცავდით ჩვენს ეროვნებას, კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ენას და დღემდე ვცხოვრობთ ბრძოლაში.

დღეს ჩვენ გვაქვს ძმური ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში. ასე რომ, თქვენი ვიზიტი დიდად მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით“, – ბრძანა პატრიარქმა.