მეუფე დიმიტრი: “მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში, მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს”იანვარი 7, 2020

ვისაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთერთი საპატრიარქოა, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.

მისი თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზს შეიწყალებდა.

„მოლოდინი მქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, რადგან სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა რაღაც დიალოგზე პრეზიდენტთან – ეს სრული აბსურდია. ამ ადამიანს ახასიათებს ქოსატყუილობა. პატრიარქი პირისპირ მას არ შეხვედრია. შეხვდა ასობით ადამიანის თანდასწრებით და ამ თემაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. მე ვიცი პატრიარქის განწყობა, რადგან ბოლო სინოდის წინა დღეს პირადად მესაუბრა და მისი ინიციატივა იყო, რომ შეგვეწყალებინა. თქვა, რომ ეს ცოდვის ორომტრიალი უნდა დასრულდეს. მეორე დღეს დააყენა საკითხი სინოდზე შეწყალებაზე. რა მოხდა არ ვიცი, პრეზიდენტმა თქვა სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო. ბატონ მარგველაშვილსაც მივმართე თხოვნით, როცა ის პრეზიდენტი იყო – ორჯერ. მაძლევდნენ პირობას, რომ შეიწყალებდნენ. მაშინაც ვერ მოხერხდა. ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთერთი საპატრიარქო და ეკლესიაა, იმიტომ, რომ ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. მოვისმინე პრეზიდენტის არგუმენტებიც. მეუცნაურა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი, თუმცა მე ეს იმით გავამართლე, რომ ამ ხნის მანძილზე მორალური ტერორი იყო დეკანოზ მამალაძისგან, ჭყონდიდელყოფილისგან ყოველთვის პატრიარქის მიმართებაში“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მისი განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში დიდი როლი მეუფე პეტრეს აქვს.

მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მას აშანტაჟებდა.

„პირველივე პერიოდში, ჯერ კიდევ სასამართლომდე, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მომწერა წერილი, რომლის შინაარსსაც ჭყონდიდელი მეუფეც არ ახმოვანებდა, რაც მეტად უცნაური იყო და მეც თავი შევიკავე, რადგან იქ იყო ძალიან მძიმე რამ მამალაძის მხრიდან. ის იმუქრებოდა, რომ მე ვიღაც-ვიღაცებზე ინფორმაციები ფაილებად დავამზადე და გავიტანე უცხოეთში და ამას გამოამზეურებდა. მამალაძე წერდა, თუ თქვენ არ დამიხსნით ციხიდან, მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო. ეს არის შანტაჟი. დეკანოზს პირადად რომ შევხვდი, მაშინ მან უარყო და თქვა, რომ ეს მისი დაწერილი არ იყო. მერე აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5 მღვდელმთავრისთვის ჰქონდა ანალოგიური წერილი გაგზავნილი.

მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში, მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს. მეტად უცნაურს რამეს გეტყვით, რადგან ინტერესი არ კვდება. როდესაც სინოდზე დააყენა მისმა უწმინდესობამ საკითხი მამალაძის შეწყალების თაობაზე, ვის უნდა გახარებოდა ეს ყველაზე მეტად, მეუფე პეტრეს, ხომ ასეა? ვერ გამოხატა გახარება, უაზროდ დაიწყო ყვირილი და მერე იძულებული გახდნენ, რომ გამოეყვანათ. აქედან გამომდინარე, მე, მართალი გითხრათ, ძალიან გაოცებული დავრჩი. დღეს რომ მამალაძეს უხანგრძლივდება ციხეში ყოფნა, ფაქტია, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს.

მამალაძის შეწყალების ინიციატივა პატრიარქს ეკუთვნის. პირადად მესაუბრა და მითხრა, რომ სურდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო. ეს არის უწმინდესის ნება. ცილისწამებაა, რომ დეკანოზი არის პატრიარქის ტყვე და ილია მეორეს არ უნდა მისი ციხიდან გამოყვანა“, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.