პატრიარქი: “ქრისტეს შობა არის ბედნიერება, ფერისცვალება და სულიერი ამაღლება”იანვარი 7, 2020

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან ალილოს მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქრისტეს შობა არის ბედნიერება, ფერისცვალება და სულიერი ამაღლება.

„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეს შობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება. ზეცა გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე და ადამიანის ბუნება აჰყავს ზეცას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გლოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ალილოს” მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. ანგელოზებისა და მწყემსების სამოსში გამოწყობილი პატარები სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას გამართეს. საზეიმო ღონისძიება სამების ტაძარში საშობაო პარაკლისით დასრულდა.

მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრამდე რამდენიმე ლოკაციაზე შეჩერდნენ, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მათ საშობაო ნობათი გადასცეს.

„ალილოს” მონაწილეები საპატრიარქოსთანაც მივიდნენ, სადაც მათ სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქი ილია მეორე დახვდა. უწმინდესმა მათ შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.

საზეიმო მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული სამების ტაძრამდე მიიტანეს, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილედება.