მეუფე იოანეს აინტერესებს, ჟურნალისტები რატომ არ მიმართავენ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნითიანვარი 19, 2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ კომენტარს აკეთებენ:

ქუთათელ -გაენათელმა მეუფე იოანემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათი მოთხოვნა ძალაშია და ეკლესიამ უკვე მიმართა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს მიმართვა ძალაში რჩება და როდესაც დადგება “ჟამი იმისა, რომ პრეზიდენტს შეეძლება ეკლესიის თხოვნის მიღება, ის ამას შეასრულებს”.

“ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის პასუხი მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებდი არავის ციხეში ყოფნას”,-განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე იოანე, ასევე დაინტერესდა, ჟურნალისტები თავად რატომ არ მიმართავენ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, უნდა მიემართა, თუ არა სინოდს იუსტიციის სამინისტროსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის, სასჯელის გადავადების მიზნით მას შემდეგ, რაც დეკანოზი პრეზიდენტმა არ შეიწყალა, უპასუხა:

,,ჩემთვის ძნელია ამაზე კომენტარის გაკეთება, მე ჩემი აზრი და პოზიცია არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. არ შემიძლია, ნამდვილად განვსაზღვრო, ვინ რას აკეთებს და რატომ აკეთებს, მე შემიძლია ჩემ თავზე ვაგო პასუხი, ჩემი ქმედება ავხსნა“.

მეუფე გრიგოლის თქმით, სინოდი ქვეყანაში აღმასრულებელი ორგანო არ არის.

,,ჩემს ხელში ერთადერთი ყველაზე ძლიერი იარაღი არის სიტყვა, სიტყვას ვამბობთ და დანარჩენი, ვის რაშიც კონკრეტული შესაძლებლობები აქვთ, დანარჩენი მათ უნდა გააკეთონ. ჩვენ სიტყვისთვის კი არა, იმ ადამიანების სულიერი მემკვიდრეები ვართ, და იმას ვქადაგებთ, რომ ჯვარს ეცმოდნენ და ფიზკურად ეწამებოდნენ ადამიანები. ახლა, ვფიქრობ , რომ ამ შემთხვევაში, ამ მოვლენასაც ცოტა უფრო სულიერი თვალით სჭირდება დანახვა. სინოდი არ არის აღმასრულებელი ორგანო ქვეყანაში. სინოდი არის რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც მოცემულ დროში რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს, მაგრამ რამდენად დიდია ეს გავლენა ამას გვიჩვენებს ზოგიერთი გამოკითხვა და სინოდის თხოვნაზე გაცემული პასუხებიც, ეს მეტყველებს რეალურ გავლენებზე“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, მაშინ ის შესაბამისმა სტრუქტურებმა სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

“თუ ცუდად არის მამა გიორგის ჯანმრთელობა ის შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გადაიყვანონ. მე ვერაფერს ვიტყვი”,- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

კითხვაზე , მიმართავს თუ არა წმინდა სინოდი საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით განმეორებით? მეუფე მელქისედეკმა უპასუხა:

“როცა სინოდის სხდომა იქნება ალბათ, ამაზე იქნება მსჯელობა. როდის იქნება სინოდის სხდომა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”,- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.