მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიას შესახებ საუბრობს, მღვდელმონაზონი კი მიტროპოლიტს სიცრუეში ადანაშაულებსიანვარი 26, 2020

ჭყონდიდის ახლმა მიტროპოლიტმა მამა ანდრია სარიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა, რომ საპატრიარქოს კომისიამ მამა ანდრია სარია გააფრთხილა, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა და მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო, არ დარჩა. ამის შესახებ “imedinews.ge” იუწყება.

მეუფე გრიგოლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამა ანდრია სარიას სამჯერ მიმართა თხოვნით, მან აირჩია ეს გზა და დატოვა ეპარქია.

„მას 15 წელია, ვიცნობ. სამჯერ შევთავაზე დარჩენა. ის იყო წინამძღვარი ეკლესიის, თვითონ აირჩია ეს გზა. დატოვა მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია. მეუფე პეტრეს დავალებით მუშაობდა არქივზე, დადიოდა მასთან შიომღვიმის ეკლესიაში.

ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე, მისცეს ერთხელ გაფრთხილება, ორჯერ. ეს არ არის შურისძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა“, –  განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, 22 იანვარს გახდა ცნობილი, რომ მღვდელმონაზონი ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუჩერდა.

მეუფე გრიგოლს მამა ანდრია სარია პასუხობს, რომლის კომენტარსაც Timer.ge აქვეყნებს:

“ჭყონდიდელი გრიგოლი (კაცია) მართალს ამბობს, ვიცნობ, ადრე აკადემიაში ერთ დროს ვსწავლობდით და პანსიონში ვცხოვრობდით, თუმცა ის პარალელურად პატრიარქმა დარაჯად გაამწესა და საპატრიარქოში მოღვაწეობდა. მეუფე იტყუება, როდესაც ამბობს რომ თვითნებურად დავტოვე ეპარქია. მიტროპოლიტი პეტრე, როდესაც მოქმედი ჭყონდიდელი იყო გადაწყვეტილება მიიღო თუ მას საპატრიარქოდან უსამართლოდ რაიმე სანქციას დაუწესებდნენ, მე გადავიდოდი სალხინოს მონასტერში მღვდელმსახურად და ასეც მოხდა, შეგიძლიათ წინამძღვარს დაეკითხოთ. სალხინოში ჩასულიც ვიყავი და ვეზიარე კიდეც, რაც მათთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა და მამა დანიელი (მონასტრის წინამძღვარი) დაიბარა ჩემს გამო, რაზეც პასუხი მიიღო რომ მონასტრის წევრი ვარ. მეუფე გრიგოლმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, როდესაც თბილისიდან ჩამოვიდოდი. (თბილისში სამეცნიერო მოღვაწეობისთვის 2 წელი ინტენსიურად დავდიოდი და ეს სიახლე არც მანამდე ყოფილა ვინმესთვის). მამაოსთვის უთქვამს დამირეკოსო. თუმცა, არ ვიცი რა შეიცვალა, რამდენიმე დღეში დამირეკეს თბილისიდან, ეტყობა მასაც მოთხოვეს სიცრუის თქმა საპატრიარქოდან. ასე ურცხვად, როდესაც იცის მიტროპოლიტმა ჩემი აზრი და მოსმენილიც ააქვს, როგორ შეიძლება იტყუებოდეს? არ მესმის ასეთი ქრისტიანობა, არ მესმის ასეთი მღვდელმთავრობა. სინდისიერი ადამიანი ქუჩაში არ მოატყუებს მეორეს, არათუ ეკლესიაში”-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში მღვდელმონაზონი  ანდრია სარია.