სინოდის წევრები ანდრია სარიას საკითხს აფასებენ – “საიდან აქვს ანდრია სარიას წვდომა უშიშროების მასალებზე?!”იანვარი 27, 2020

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს წმინდა სინოდის წევრები –  ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი და კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი გამოეხმაურნენ:

მეუფე იაკობი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს. მისი თქმით, მღვდელმონაზონი მეუფე პეტრესავით ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორიკანაა.

“მე ვფიქრობ, რომ სამართლიანად ექცევიან. აბსოლუტურად ადეკვატურია. ჭორებს ავრცელებს. მეუფე პეტრესავით, ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი… მაგას, ახლა, პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მაგას მე ადრე დავეხმარე და მახსოვს ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. მე რომ გამოვირჩევი მწვავე განცხადებებით, რას ვამბობ არასწორს? – მწვავეს არ აკეთებდა, არასწორს აკეთებდა. ტყუილს ლაპარაკობს, ისევე მატყუარაა, როგორც მეუფე პეტრე”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომის გამართვა ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.

“სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? გნებავთ?! მაგასაც მოესწრებით”, – აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების უფლების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ აქამდე რომ არ შეუჩერდა მღვდელმოქმედება, ეს არის საკითხავი.

მისი თქმით, მამა ანდრია სარიას საუბარი და ქცევა სასულიერო პირისთვის შესაფერისი არაა.

“აქამდე რომ არ შეუჩერდა, ეს არის გადაკვირი, იმიტომ რომ, ისე ლაპარაკობს, ისე იქცევა, არაა ეს შესაფერისი სასულიერო პირისთვის. პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ შეუჩეროს და შეუჩერა. თუ გონს მოეგება და ასე აღარ მოიქცევა, როგორც იქცევა…”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ანდრია სარია საარქივო მასალებს იძიებდა, მეუფემ განაცხადა, რომ “ჩვეულებრივ სასულიერო პირს უშიშროების მასალებთან არ აქვს წვდომა”.

“როგორ იძიებდა, სად არის ეს საარქივო მასალები? მე მაინტერესებდა საარქივო მასალები, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ სასულიერო პირს უშიშროების მასალებთან არ აქვს არავითარი წვდომა. საიდან აქვს ანდრია სარიას წვდომა უშიშროების მასალებზე?!”,- განაცხადა მეუფემ.