აზარტულ თამაშებზე საპატრიარქოში იმსჯელესიანვარი 28, 2020

საპატრიარქოში, საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, მრგვალი მაგიდის ფორმატში, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავებას ეხებოდა.

 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

მამა ანდრია აზარტული თამაშებს “მონსტრ ბიზნესს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ “დროულად არ შევაჩერებთ ამ მონსტრ ბიზნესს, უახლოეს მომავალში ძალიან მძიმე შედეგები გველის”.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ინიციატივა გაჟღერდა.

“გამოსავალთან დაკავშირებით, იქნა აქ გაჟღერებული რამდენიმე საინტერესო ინიციატივა. უმთავრესად ეს ეხებოდა საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგებას. სულ ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს ჰქონდა ასეთი პროგრამა წარმოდგენილი – ახალგაზრდების განვითარების პროგრამა, რომელიც შეიძლება იოლად მოერგოს ქართულ რეალობას. ამის გარდა, გამზადებულია კანონპროექტი, რომელიც ერთი წლის წინ იქნა საბოლოოდ დახვეწილი, შეთანხმებული და ველოდებით ამ კანონპროექტის კანონად ქცევას”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.