მეუფე პეტრე: “საპატრიარქოს ისევე ეშინია სიმართლის, როგორც ბოროტს ეშინია ჯვრისა”იანვარი 30, 2020

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, საპატრიარქოში არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საეკლესიო სასამართლო შეიქმნას.

როგორც მეუფე პეტრემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სასამართლოში დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.

“მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და მამა ანდრიას მიმართ უპასუხისმგებლო ბრძანებით მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერება, როგორც თვითონ განმარტეს, რომ პატრიარქი იყო ქალაქგარეთ, მაგრამ შეათანხმეს, ეს არის მორიგი უსამართლობა, უკანონობა და უხეში კანონდარღვევა. გაცხადდა, თუ რამდენად აიგნორებს რჯულის კანონს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მმართველი ორგანოა საქართველოს ეკლესიის.

ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი უწესრიგობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო შედეგამდე. უარესდება მდგომარეობა და ეკლესიის ავტორიტეტზე ეს აისახება ნეგატიურად.

ერთადერთი გამოსავალი არის, რომ საზოგადოება მიხვდეს და ვაიძულოთ ჩვენი სულიერი ხელმძღვანელობა, რომ ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო, რომლის ფუნქციაც მითვისებული აქვს სინოდს, მაგრამ არასდროს საეკლესიო სამართლის ფორმატით არც ერთი საკითხი, რაც მე სინოდის წევრი ვარ, 2002 წლიდან არ განხილულა და დღემდე კანონს მაღლა ხელმწიფების დამოკიდებულებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რაც არის შერჩევითი სამართალი და ფარისევლობა”,- განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, ტრაგიკულია, რომ პატრიარქს სიმართლის მოსმენა არ სურს.

“პატრიარქმა უნდა მოისმინოს მხილება. ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც მას არ უნდა სიმართლის მოსმენა, მამა ანდრია სარიას თუ სხვა სასულიერო პირებს, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს ამ უკანონობის და უზნეობის წინააღმდეგ, რომელიც არის გამეფებული დღეს დედა ეკლესიაში, მხოლოდ სადამსჯელო პოლიტიკის გატარება მოხდა, რომელიც არის საბჭოთა დამოკიდებულება, რეჟიმის, რომელსაც სძაგდა სიმართლე.

საპატრიარქო ისევე უფრთხის და ეშინია სიმართლის და სიმართლის მთქმელი ადამიანების, როგორც ბოროტს ეშინია ჯვრისა.

საეკლესიო სასამართლო არის ერთ-ერთი გამოსავალი, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას და დავიწყოთ ჩემით. პატრიარქს მივმართე სიტყვებით, რომ დავიწყოთ მხილებით და ჩემგან დავიწყოთ, ნუ მომერიდებით, ნურც ნურავის მოერიდებით პატივის გამო, მაგრამ ნურც ნურავის დაჩაგრავთ პატივის არქონის გამო. მაგრამ პატრიარქი დადუმდა, ის არ აღმოჩნდა მზად ჯერ კიდევ წლების წინ მხილებისთვის და ის არ აღმოჩნდა დღესაც მხილებისთვის, რომ შეხვედროდა მამა ანდრიას და მოესმინა მისი დაგროვებული გულისტკივილი ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ. სინოდის წევრები, ისევე როგორც პატრიარქი არ უნდა დადგნენ კანონზე მაღლა”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება სინოდის სხდომას, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ გასულ წელს ის მინიმუმ ორჯერ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერთხელ ჩატარდა და მხოლოდ რამდენიმე საკითხი განიხილეს.

“სინოდის სხდომა ჩატარდა მხოლოდ ერთხელ პატრიარქი იყო ვალდებული მინიმუმ ორჯერ ჩაეტარებინა. თვითონ გამოვიდა და თქვა, გაგვაკრიტიკა თითქოს ჩვენ ვიყავით დამნაშავე, რომ მეორედ არ ჩატარდა. ჩატარდა მხოლოდ ერთხელ და ისიც 2 თუ 3 საკითხი განვიხილეთ”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.