მეუფე პეტრე: დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მძიმე დანაშაული აქვს ცხოვრებაში ჩადენილიიანვარი 30, 2020

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი მეუფე პეტრე ცაავა ირწმუნება, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ცხოვრებაში ისეთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ მისი მღვდლადკურთხევა არ შეიძლებოდა. მისი თქმით, ამის მტკიცებულებები არსებობს და სინოდს საკითხით დაინტერესებას ურჩევს.

მეუფე შესაბამის მტკიცებულებების წარდგენას  სინოდის სხდომაზე გეგმავს.

„მამა ანდრია ჯაღმაიძე არის ასევე ერთ-ერთი მახინჯი სახე ჩვენი საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ ეს პატრიარქის მიერაა შექმნილი, რა ადამიანებთანაც ის თავს გრძნობს კომფორტულად და, რა თქმა უნდა, სუბიექტურია საპატრიარქო მის მიმართ. მე პასუხი მომთხოვეს, თითქოს, პატრიარქის შეურაცხოფისთვის, ესეც იყო შერჩევითი – მისთვის უნდა მოეთხოვათ, პირველ რიგში, პასუხი. მას მინდა ვუთხრა, რომ მე სინოდზე წარვადგენ მტკიცებულებებს, რომ მას საერო ცხოვრებაში ისეთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რის გამოც არ შეიძლებოდა მისი მღვდლად კურთხევა. ვურჩევ წმინდა სინოდს, დაინტერესდეს, გამოიკვლიოს. მას უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურება, რამდგან არის ეჭვი, რომ ერისკაცობიდან ისეთი მძიმე დანაშაული აქვს, რაშიც მას, თუნდაც, ეჭვით ბრალი ედება და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სამღვდლო ხარისხში. ის აქედან განერიდა მართლმსაჯულებას, თავი შეაფარა რუსეთს და იქიდან ბრუნდება თითქოს უკვე ეკლესიური, მორწმუნე ადამიანის მანტიით. ძალიან მალე ხდება მისი სამღვდლო ხარისხში ხელდასხმა და საპატრიარქოს კარზე დაწინაურება. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ბევრ კითხვის ნიშანს”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.