მარტყოფის მონასტერში მკვლელობის შესახებ დეტალები გახდა ცნობილითებერვალი 5, 2020

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც სააგენტომ გაარკვია, მკვლელობას წინ ორ სამოქალაქო პირს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, არც მოკლული მამაკაცი და არც დაპირისპირებაში მონაწილე მეორე ადამიანი სასულიერო პირი არ არის.

„ისინი კელიაში ცხოვრობდნენ, თუმცა სასულიერო პირები არ არიან და მონასტერს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებდნენ“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა პირმა.

შეგახსენებთ, რომ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.