მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წელი სასჯელს იხდიდათებერვალი 6, 2020

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მონასტრის წინამძღვარმა მამა ბენიამინმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ სავარაუდო მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 წელი იმყოფებოდა.

„03:15 წუთი იყო, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ მის ოთახში გარდაცვლილი იყო. რომ შევედი, დავინახე, ლოგინში იყო ადამიანი და მას კისერში დანა ჰქონდა ჩარტყმული. შემდგომ პოლიციაში დავრეკეთ, ნახევარ საათში პოლიცია მოვიდა და ის, ვინც ეს ამბავი შემატყობინა და მასთან ერთად, ვინც ცხოვრობდა გამოკითხვაზე წაიყვანეს. 3 ადამიანი ცხოვრობდა ერთად კელიაში. როცა ეს ადამიანი გამოკითხვიდან მოვიდა დავინტერესდი და ვკითხე, რამე კონფლიქტი იყო თუ არა გაქცეულსა და დაღუპულს შორის. მან მითხრა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ალბათ, რომ დაიჭერენ, მერე გაირკვევა“,-განაცხადა მამა ბენიამინმა.

მანვე აღნიშნა, რომ სავარაუდო მკვლელი, პირი, რომელიც ახლა მონასტრიდანაა გაქცეული, სხვების მიმართ აგრესიული არ იყო.

„მოკლული ერთი წლის განმავლობაში დადიოდა ჩემთან, თვეში 10-20 დღის განმავლობაში იყო ხოლმე მონასტერში, იგორი ერქვა. ფიზიკურად სუსტი იყო და ხშირად ექიმთან დადიოდა. ის, ვინც გაქცეულია, ანუ სავარაუდო მკვლელი, წელიწადნახევრის განმავლობაში დადიოდა მონასტერში და ისიც თვეში 10-დან 20 დღემდე რჩებოდა ხოლმე. გაქცეული ადრე ციხეში მჯდარა 18 წელი. მე არ ვიცოდი, რომ ის ნასამართლევი იყო, მაგრამ მონასტერში ცხოვრებისას, მორჩილებას ასრულებდა და მე არ დამინახავს, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. როდესაც ასეთი ხალხი მოჰყავთ ჩემთან, თუ ის სხვების მიმართ აგრესიულია, ასეთებს მონასტრიდან ვუშვებ ხოლმე, მაგრამ ეს სხვების მიმართ აგრესიული არ იყო. ეს ადამიანი სამეგრელოდან იყო, კახა ჰქვია, მოკლული კი ერთი წლის ჩამოსული იყო მოსკოვიდან, სახლ-კარი არ ჰქონდა და ხან ჩემთან ტაძარში და ხან მის მეგობრებთან რჩებოდა ხოლმე“,-აღნიშნა მამა ბენიამინმა.