მეუფე ნიკოლოზი – “ჩვენ სინანული უნდა გამოვხატოთ პატრიარქის მიმართ”თებერვალი 9, 2020

აფხაზეთი დღეს ჩვენი ცოდვების გამო აღარ არის ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, დროებით, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ​სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და შენდობისა და მიტევების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, დღეს წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების ხსენების დღეა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ჩვენ სინანული უნდა გამოვხატოთ პატრიარქის მიმართ და შენდობა უნდა ვთხოვოთ მას, ვინაიდან დღეს ისევე არის მის მიმართ ცილისწამება, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე.

„ჩვენ დღეს ბევრი რამის გამო უნდა ვითხოვოთ შენდობა, ყველამ – ეს არის აფხაზეთი, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დღეს აღარ არის საქართველოს ტერიტორია, დროებით, რა თქმა უნდა, ოკუპირებულია და კიდევ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სინანული ჩვენი პატრიარქის მიმართ, დღეს ისევე არის ცილისწამება მის მიმართ, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე და უნდა ვთხოვოთ ჩვენ შენდობა პატრიარქს, შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს. აი ასეთი განწყობით ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიდი წმინდა მარხვის დასაწყებად“,-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ქადაგებისას.