საპატრიარქოში სასულიერო პირთა გაფართოებული შეხვედრის გამართვა დაიგეგმათებერვალი 9, 2020

საქართველოს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის სამღვდელოების ნაწილთან მორიგი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირებმა პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის ხელმძღვანელობით, იმსჯელეს აზარტული თამაშების საშიშ ტენდენციებიზე, საზოგადოებაზე გემბლინგის მავნე ზეგავლენაზე, პრობლემის დასაძლევად დღეისათვის ეკლესიის ჩართულობით მიღწეულ კონკრეტულ შედეგებსა და სამომავალო აქტივობებზე.

სასულიერო პირებმა ასევე ისაუბრეს წლის განმავლობაში ამა თუ იმ დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; ისაუბრეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს შემოთავაზებაზე, რომელიც გულისხმობს სასულიერო პირების შეღავათიან ფასად მომსახურებას;

განიხილეს სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის წინადადება – სამსახური იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებსა და სასულიერო პირებს უფასო მომსახურებას სთავაზობს.
შეხვედრაზე განიხილეს ეკლესიის სოციალური აქტივობები, უკვე განხორციელებული და არსებული პროექტები, ასევე დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა.

გადაწყდა, რომ მომავალში სასულიერო პირების გაფართოებული შეხვედრა გაიმართოს, რომელიც მიეძღვნება აქტუალურ საღვთისმსახურო საკითხებსა და პრობლემებს, სასულიერო პირები ასევე იმსჯელებენ თანამედროვე სამყაროს მიერ წამოჭრილ მრავალ საკითხზე, მათ შორის, ხელოვნური განაყოფიერების თაობაზე.