დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ანდრია სარიას ცილისწამებაში ადანაშაულებსთებერვალი 14, 2020

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მამა ანდრია სარიას მიერ ტელეკომპანია “მთავარი არხისთვის” გადაცემულ მისი და სამი მღვდელმთავრის საუბრის ჩანაწერის საკითხს ეხმაურება და მღვდელმოქმედებაშეჩერებულ მონაზონს ცილისწამებაში ადანაშაულებს. მან კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

“ანდრია სარიას 12 თებერვლის ეთერი ტელევიზია “მთავარში” იყო მორიგი ცილისწამება.

შევახსენებ დაინტერესებულ მკითხველს, რომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება მოჰყვა, კომისიის მიერ მისთვის მიცემული შენიშვნის არგათვალისწინებას. სინოდალური კომისიის მიერ მას მიეცა გაფრთხილება, რომ საჯარო შეურაცხყოფებისა და ჭორებზე აგებული ბრალდებებისაგან თავი შეეკავებინა.

ამის ნაცვლად მან, რამდენიმე დღეშივე, შენიშვნის სრული უგულებელყოფით, გააგრძელა საჯარო ცილისწამებები, და სწორედ ამის გამო მოხდა მისთვის მსახურების შეჩერება.

მას არც კომისიაზე დაუსახელებია და წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი და, როგორც ვნახეთ, 12 თებერვლის ეთერშიც არ დააკონკრეტა, თუ რომელ მღვდელმთავარს გულისხმობს თავის ბრალდებაში.

ასეთი სახის ქმედებები, რაც ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელი გახდა, წარმოადგენს საეკლესიო წესების უხეშ დარღვევას, და ემსახურება მხოლოდ ეკლესიის დისკრედიტაციას” – წერს სასულიერო პირი.