“ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის?”თებერვალი 23, 2020

რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა და ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

„მგონი, კითხვაც არ უნდა ვის შეიძლება პატრიარქი გულისხმობდეს და ვინ ებრძვის 40 წელი. 40 კი არა 7 ათასი წელია ეშმაკი ებრძვის ადამიანს. კონკრეტულად ვისი ხელით ებრძვის, ეს სხვა საკითხია. ეკლესიას ებრძვიან, ეს ხომ ცხადია?! მანდ ორი აზრი არ არსებობს. 60 წელზე მეტია პატრიარქი სასულიერო პირია და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი. რა თქმა უნდა, პატრიარქმა იგულისხმა კონკრეტული ადამიანები, მაგრამ ეს ადამიანები იცვლებიან. 40 წლის წინ ვინც ებრძოდა, კონკრეტულად ისინი დღეს აღარ არიან. დღეს ვინ იგულისხმა, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა საკითხია. რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს პირდაპირ ეთერში აგინებს, ბრძოლა არ არის? ციხეში რომ არის ადამიანი და პატრიარქს თან შეწყალებას სთხოვს, თან აგინებს, ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ეს ინფორმაცია მიაწოდონ. მე არ მაქვს ასეთი კავშირი არავისთან და ფარული ინფორმაციები არ გამაჩნია. მე შემიძლია გითხრათ რომ არც ხდება, ამის ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ პატრიარქს ებრძვიან ნამდვილად. ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე: იგულისხმა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებში, მეუფემ განაცხადა: “ეს მინიშნება არ არის, რა ასე არ არის? გამოვალ, გამოვაქვეყნებ, თუ არ გამოვალ მაინც გამოვაქვეყნებო, მეტი რა უნდა გამოაქვეყნონ”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პატრიარქი მისი შეწყალების წინააღმდეგი არ არის.

ამასთან, მეუფემ ისაუბრა პეტრე ცაავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მოქმედებებიც პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაა.

„ვინ შეაგინა პატრიარქს საჯარო სივრცეში შეგიძლიათ ორი ადამიანი დამისახელოთ? ეს მინიშნებაა? „კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და გვარს არ დავასახელებო“ ისე კი არ ვიძახი, ეს მინიშნება არ არის, მაგრამ კონკრეტული სიტყვების თქმა არ მინდა. პიროვნების მიმართ ზიზღი არ მაქვს, ვლაპარაკობ მის მოქმედებაზე, გინებაზე საჯარო სივრცეში, ეს ბრძოლა არ არის? არ არის ეს საშინელი მოქმედება? არ არის ფანტასტიკური დეტექტივის სიუჟეტი, როცა უცებ ასეთ საშინელებას იტყვი? ეს არის ბრძოლა! 42 წლის წინ რაც იყო ამაზე აღარ ღირს საუბარი. ფიზიკური თავდასხმები იყო პატრიარქზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.