“მე თუ მიწას გადმომცემს ხელისუფლება, არ ნიშნავს, რომ მას მხარს დავუჭერ”თებერვალი 23, 2020

ჩვენს ქვეყანაში მუდმივად არჩევნებია და როცა არ უნდა გადასცეს მიწა სახელმწიფომ ეკლესიას, მაინც საარჩევნოდ გამოვა, – ასე უპასუხა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სახელმწიფოსგან საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მიწების გადაცემა ნდობის მოპოვების საშუალება არ არის.

„ნამდვილად არ ვიცი რა მოცულობის მიწაზეა საუბარი, მაგრამ თუ გადასცა, ძალიან კარგია. ამ ფორმით ხელისუფლება საპატრიარქოსგან ნდობას ვერ მოიპოვებს. მიწებს გადასცემდა წინა ხელისუფლებაც, იმის წინა ხელისუფლებაც. ჩვენ ასე მიგვაჩნია, რომ ეკლესიას იმდენი ჩამოერთვა კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ვფიქრობთ, ეკუთვნის ეს მიწები უკან დაუბრუნონ. ეს არ არის ნდობის მოპოვების საშუალება. მე თუ მიწას გადმომცემს ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მას მხარს დავუჭერ. შესაძლოა, როგორც მოქალაქემ მხარი დავუჭირო, მაგრამ არა იმიტომ, რომ დღეს მიწა გადმომცა“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.