“ეკლესია მრევლს რეკომენდაციას ვერ მისცემს, რომ ხატებს არ ემთხვიონ”მარტი 1, 2020

ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, ქრისტეს სისხლია და “წვავს და განწმენდს ყველაფერს”.

“ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს არის პრინციპულად არასწორი. იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, გვჯერა, რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს ყველანაირ ავადმყოფობას”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება ხატებთან შეხებას, მეუფე ამბობს, რომ ეკლესია მრევლს რეკომენდაციას ვერ მისცემს, რომ ხატებს არ ემთხვიონ.

“ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. თუ ადამიანი იმის შიშით, რომ გადაედება, არ ემთხვევა, თუ შეუძლია ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ამაზე რეკომენდაციას ადამიანებს ვერ მივცემთ”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, ადამიანისთვის პანიკა ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე თავად ვირუსი და მრევლს მოუწოდებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით, სახლს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

“რაც შეეხება კორონავირუსს, აბსოლუტურად დავაზუსტე და გავარკვიე, რომ ბავშვებში არის სულ ერთი თუ ორი შემთხვევა. პატარა ბავშვებში კორონავირუსი არ ვრცელდება. საშუალო ასაკის ადამიანებში კორონავირუსი ვრცელდება, მაგრამ ჯანმრთელ ადამიანს ძირითადად მკურნალობის გარეშე გადააქვს. რაც შეეხება ასაკოვან ადამიანს, მათთვის საბედისწეროა, თუ არ უმკურნალე დროზე. ძირითადი შემთხვევები მსოფლიოში სიკვდილიანობის ასაკოვან ადამიანებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა შევხედოთ ამას, მაგრამ მეორე მხრივ, პანიკის ატეხვა არაა სწორი. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა: დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის ფერი ძაღლიო. მგელი არის ეს კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე თვითონ კორონავირუსი, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას. პატრიარქმა ასეთი რამ თქვა, ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში, რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა? გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.