საპატრიარქო: – “ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის”მარტი 4, 2020

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მორწმუნე ადამიანებს ამ გზით დაავადების გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, რადგან „უფლის სისხლი და ხორცი საკურნებელია“.

„ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის. ვისაც საეკლესიო ცხოვრების საკმაო გამოცდილება აქვს, მან იცის, რომ ასე დაავადების არ უნდა ეშინოდეს. ყოველი წირვის მერე, ასობით ადამიანის ზიარების შემდეგ, ბარძიმს მთლიანად სასულიერო პირი იღებს. ამ ასეულობით ნაზიარები ადამიანიდან ყველა ხომ არ იქნება ჯანმრთელი? არის ამაში ლოგიკა, რომ სამღვდელოება მუდმივად უნდა ავადდებოდეს და რამდენ ავადმყოფსაც აზიარებს ერთი ბარძიმიდან და ერთი კოვზით, იმდენგვარი სენი უნდა შეეყაროს ყოველი წირვის შემდეგ. უფლის სისხლი და ხორცი საკურნებელია და ვიცით, რომ ავადმყოფებს ვლოცავთ და ვაზიარებთ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი განმარტებით, ზიარება საიდუმლო სერობის აქტში ჭეშმარიტად მონაწილეობაა და „ამ დროს ქრისტე მის ხორცსა და სისხლს გვაწვდის“.

„ზიარება არ არის სიმბოლური შესრულება, საიდუმლო სერობის აქტისა, არამედ განმეორება და მასში უშუალოდ, ჭეშმარიტად მონაწილეობაა. ამ დროს იესო ქრისტე უშუალოდ გვაწვდის მის ხორცსა და სისხლს, როგორც მოციქულებს მიაწოდა. რა თქმა უნდა, რწმენის სიმცირის გამო, შესაძლოა, ვინმე მაინც უფრთხოდეს საიდუმლოს ასე მიღებას, ამაზე რაიმე განსაკუთრებული მსჯელობა ჯერ არ ყოფილა და ალბათ, ისინი ცოტა ხნით თავს შეიკავებენ ზიარებისაგან“, – დასძინა დეკანოზმა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, სასულიერო პირები ყველა ადამიანს ლოცავენ და ჯანმრთელობას უსურვებენ, მიუხედავად იმისა, ისინი ეზიარებიან თუ არა.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, საჭიროა პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. მივაქციოთ ყურადღება, როგორც ვიცით, საქართველოში ავადმყოფობის სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, ისიც საზღვარზე და როგორც სპეციალისტები ამბობენ მოსალოდნელია, რომ დათბობასთან ერთად ამ ვირუსის საფრთხეები განულდეს. სასულიერო პირები ვლოცავთ ყველას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ვინც ეზიარება და ვინც არ ეზიარება“,- დასძინა დეკანოზმა.