მეუფე შიო: წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება შემთხვევით არ არისმარტი 15, 2020

წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, შემთხვევით არ არის. ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ეს ან უფლის ნებით ხდება, ან უფლის დაშვებით, რასაც ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით მოვიწევთ.

“უფლისთვის მთავარი არ არის ჩვენი გარეგნული მოქმედებები, არამედ შინაგანად როგორ ვიცვლებით. ახლა ჩვენ უმძიმესი პერიოდი გვაქვს ვირუსის გამო მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც. წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახის ცხოვრებაში, მთელი ერის ცხოვრებაში ეს შემთხვევით არ არის. ან უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით ხდება, რასაც მოვიწევთ ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით. ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს რომ ის გონს მოვიდეს, დაფიქრდეს, ამით უფალი რაღაცას ეუბნება. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. უფალმა ინებოს, რომ მოგვეცეს მოშურნეობა, გონიერება და სურვილი, ამ მადლის მოხვეჭის და უფალთან დაახლოების. ეს არის გზა ჭეშმარიტებისა და სასუფევლის დამკვიდრებისა”,- განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ გრიგოლ პალამას კვირიაკეს შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ მარხვის და ლოცვის მთავარი არსი არის სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, რითაც თანაზიარი ვხდებით ღმერთის ბუნების.

“ამ ენერგიას და მადლს ადამიანი სარწმუნოებრივი მოღვაწეობის გარეშე ვერ მოიხვეჭს”,- განაცხადა მეუფე შიომ.