“ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეტყვით ადამიანს, რომ არ მოვიდეს და წირვას არ დაესწროს”მარტი 20, 2020

ჩვენი რეკომენდაცია მრევლის მიმართ არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს, მათ შორის, შეზღუდოს გადაადგილება და სახლში დარჩეს , – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

რაც შეეხება ღვთისმსახურებას, წმინდა ზიარების მიღებას და საეკლესიო წესებში მონაწილეობას, მეუფეს თქმით, ეს არის, ის, რითაც ადამიანი ცოცხლობს.

“ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვეტყვით ადამიანს, რომ არ მოვიდეს და წირვას არ დაესწროს. რომც ვუთხრათ, მორწმუნე ადამიანი ამ რეკომენდაციას არ დაიჯერებს. მინდა მკაფიოდ გავყო, რომ ჩვენ გვაქვს აღმსარებლობის საკითხები, რაშიც ვერავის დავემორჩილებით. კიდევ არის ის, რომ ჩვენ მთლიანად ვალდებულება გვაქვს, რომ ვართ საზოგადოების წევრები და ყველა რეკომენდაციის მიმართ კანონმორჩილები ვიქნებით. ვეცდებით ასე გავაკეთოთ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა ადამიანებმა გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავონ, გაითვალისწინებენ, თუ არა ამ რეკომენდაციას ტაძრებში მრევლის სიმრავლის გამო, მეუფემ უპასუხა, რომ ტაძრებში ღვთისმსახურებისთვის იქნება გახმოვანების აპარატურა. ასევე განიავების საშუალება მაქსიმალურად დაცული იქნება.

“თუმცა, სხვა დაწესებულების, შენობისგან განსხვავებით ტაძარს, მაინცდამაინც განიავება არ სჭირდება, იმიტომ, რომ დიდი სივრცეა ტაძარში”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, რამდენიმე ტაძარს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა.