საქართველოს წმინდა სინოდის განჩინებამარტი 21, 2020

1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.
2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.
3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.
4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება (სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები).
5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი – ჯანდაცვის მუშაკების, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით.
წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაცეები და სიფრთხლით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთ მხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.
6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდან“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.

„უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედერებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალ.26-1).

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო!