ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეკლესიებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინებამარტი 24, 2020

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება.

აღნიშნულ საგანგებო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

„გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მაშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ს და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს“, – განაცხადა მეუფე საბამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარი მრევლს მოუწოდებს, შინ დარჩნენ და „საკუთარი სახლები აქციონ ეკლესიად.“

მეუფემ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცახადა, რომ  მორწმუნეებმა, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები სწორად უნდა გაიგონ. „პირველ რიგში, სახელმწიფო ვალდებულია გაუფრთხილდეს თავის მოქალაქეებს და მე ვფიქრობ, რომ ეკლესიაც ვალდებულია, მათ შორის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს მრევლს, მოქალაქეებს. თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც მრევლი არ არის, იმ ადამიანებს ვინც ურწმუნოა. დღეს არ ვანსხვავებთ ადამიანებს იმის მიხედვით, თუ ვინ არის ღვთის მაგინებელი. ვირუსი არ ინდობს არც ღვთის მადიდებელს და არც ღვთის მაგინებელს,“ – აცხადებს მეუფე.