უსაფრთხოების მიზნით, კუმურდოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები ისევ რჩებიანოქტომბერი 1, 2017

სოფელ კუმურდოში იქ, სადაც გუშინ ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირსპირება მოხდა, დღეს სიმშვიდეა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის შალვა ბალახაძის და საკრებულოს დეპუტატის აშოტ საარიანის განმარტებით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 1 ოქტომბერს ადგილობრივები აღარ შეკრებილან.

“გაგრძელდა რესტავრაცია. რაც შეეხება ქვაჯვარს, ჯერ არ ვიცით სად აღიმართება, ამას ქართველი და სომეხი სასულიერო პირები ერთობლივად გადაწყვეტენ”, – განაცხადა სატელეფონო საუბარში შალვა ბალახაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები ისევ რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირება გუშინ 30 სექტემბერს დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში, სადაც მათი თქმით, მათი წინაპრების ძვლების საფლავია, ქვაჯვარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა გადაწყვიტეს. სამართალდამცველებმა და დაცვის პოლიციამ, რომელიც ობიექტს იცავს, ადგილობრივების არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, ადგილზე სპეცრაზმი გაიძახეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები და ადგილობრივები და დაიმტვრა მანქანები, როგორც ადგილობრივების, ასევე სამართალდამცველების. შემთხვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორი ადგილობრივი ახალციხეში, სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათი თანასოფლელები დააკავეს.

ვითარების დააძაბვისთანავე კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. შედგა მოლაპარაკებები, სადაც ჟურნალისტები არ დაუშვეს. მოლაპარაკების შემდეგ, მინისტრისგან ადგილობრვივებმა პირობა მიიღეს, რომ მათი თანასოფლელები სამხარეო სამმართველოდან მალევე დაბრუნდებოდენ კუმურდოში, სანაცვლოდ კი ისინი უნდა დაშლილიყვნენ. რაც შეეხება ქვის სტელის აღმართვას, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს უმაღლესი იერარქიის ქართველი და სომეხი სასულიერო პირების მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო.

წყარო: “sknews.ge