პრემიერმინისტრი კორონავირუსზე: – “გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ”მარტი 30, 2020

მე ვერ წარმომიდგენია ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა დარწმუნებულია, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან ყოველთვის იპოვის.

„ასეთი კომუნიკაცია იყო, ასეთი კომუნიკაცია გაგრძელდება, ასეთი კომუნიკაციის შედეგია მაგალითად, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი, მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. მე ვერ წარმომიდგენია ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგი მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეხება თუ არა აღნიშნული შეზღუდვები სააღდგომო ლიტურგიას.

გახარიას განცხადებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებების მიზანი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპთან მაქსიმალურად სწრაფად გამკლავებაა.

„ეს გადაწყვეტილებები ჩვენ დავიწყეთ დღეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს – შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და ვმოქმედებთ ასე სწრაფად, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხისტადაც იმისთვის, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, რომ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, – განაცხადა გახარიამ.