ჯანდაცვის მინისტრი – ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილამაისი 5, 2020

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გამოვლენილა.

თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, რომ დაავადების შემთხვევები დაფიქსირდეს.

„რაც შეეხება მოლოდინს ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოჩნდეს დაავადებული პირები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

„არა, არ გვაქვს ფაქტი. იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ყველგან არის. არ არსებობს ფაქტი, ძალიან კარგი და კეთილგონივრული რეაქცია ჰქონდა მოსახლეობას. მთავრობის რეკომენდაციებზე, თვითონ ეკლესიამაც ძალიან სწორი და კარგი პოზიცია დაიკავა და ფაქტიურად ეს საკმაოდ ისეთი პერიოდი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი ჩავიარეთ მშვიდობიანად. არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული არ აღინიშნება“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, ძირითადი კლასტერები ყველა გამოვლენილია და ყველა ლოკალიზებულია, ეს კი, ეპიდემიოლოგების, ექიმების და მთელი ვერტიკალის ძალიან ეფექტურ მოქმედებაზე მიუთითებს.