პატრიარქის ქადაგება: “ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის”მაისი 10, 2020

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს, რაც „ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია“.

“მე მიამბობდნენ, ერთხელ მოიხილეს, კოჭლობით დათვი მოდის ჩვენკენო, ჩვენ შევედით კელიაში, შეგვეშინდაო. მოვიდა და გვაჩვენებს ფეხსაო. თურმე წაუვიდა ლურსმანი, თუ პატარა რკინა და ვერ იღებს იმას. ჩვენ პატარაზე გავაღეთ კარიო და ამოვუღეთ ეს ლურსმანიო, შემდეგ წავიდაო. 1-2 საათის შემდეგ მოაქვს სიმინდის ფუჩეჩი, გლეხების ბოსტანში გადასულა, მოუკრეფია სიმინდის ფუჩეჩი და მოუტანა ამ მონაზვნებს. ასე დამეგობრდნენ, ეს დათვი და მონაზვნები. ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ იქ და ერთმა ბერძენმა მოკლა. არ იცოდა, ალბათ, რომ ის მოშინაურებული იყო. საოცარი ცხოვრება ჰქონდათ ამ ბერებს უდაბნოში.

ერთი მონაზონი იყო, მე ვეკითხები, როგორ ხართ, მე ვარ დედოფალიო, უდაბნო დედოფალიო. გამოუთხრია მიწა, იქ შემძვრალა, შესულა და ის იყო მისი სასახლე. თავისი თავი მიაჩნდა დედოფლად. აი, ამაზე ბევრი მიფიქრია და მე მინდა, რომ თქვენც იფიქროთ. რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა? როდისაა ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის? ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მდიდარი არის, მაგრამ ბედნიერი არ არის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ორსავე ქვეყანას შინა“, – აღნიშნა ილია მეორემ.