12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეამაისი 11, 2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს. დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 10:00 საათზე აღავლენს.

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 8 მაისს „შრომის კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც უქმე დღის – 12 მაისის სტატუსი ახლებურად განისაზღვრა.

რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, 12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ასევე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება საპატრიარქოს ეკუთვნის და ის პარლამენტს კანონპროექტის სახით მთავრობამ წარუდგინა.

მანამდე, ერთი წლით ადრე, 2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა: “12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეთ და გამოცხადდეს იგი ეროვნულ დღესასწაულად“, – აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაში.

12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე, დღესასწაულობს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმინდა ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება.