დეკანოზ გიორგი მამალაძეს რა პრობლემებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აწუხებდა, აღმოფხვრილია – ადვოკატიოქტომბერი 3, 2017

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკვებისა და მედიკამენტების მიღება განაახლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა პრობლემა, რაც დეკანოზს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აწუხებდა, აღმოფხვრილია.

რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ექიმების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დეკანოზმა საკვებისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„შაქარი დაუვარდა და სამედიცინო კუთხით ძალიან დიდი კონტროლის ქვეშაა, ვინაიდან ნაოპერაციებია. ემოციური განწყობა, საკვებისა და მედიკამენტების მიუღებლობა, ძალიან ცუდად მოქმედებს მამა გიორგის ჯანმრთელობაზე. ამჟამად მიმდინარეობს ანალიზების გამოკვლევა. ამ ადამიანს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უნგრევენ“, – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ვინაიდან დეკანოზი ექიმების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა, სამედიცინო პერსონალის გადასაწყვეტია, უნდა მოხდეს თუ არა მამა გიორგი მამალაძის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში.

წყარო: ინტერპრესნიუსი