მეუფე იაკობი: “ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით?”მაისი 17, 2020

ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით და გადავდებდით რაღაცებს და რაღაცას გამოვიწვევდით? – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, ღმერთმა ეკლესიის კლასტერი დაიფარა.

„ღმერთმა ყველას შეუნდოს, ყველას თავის ცოდვები აქვს, ჩემგან დაწყებული სხვებსაც. უბრალოდ, აწი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში უნდა ვეძიებდეთ სათნოა თუ არა უფლისთვის რაღაც საქციელი. ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა რომ ჩვენ რა ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით და გადავდებდით რაღაცებს და რაღაცას გამოვიწვევდით? ხო ხედავთ ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა ეკლესიის კლასტერი” , – აღნიშნა მეუფემ.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრს ტყუილად არ ეძახიან.“

„ხომ ხედავთ, ვინ არ დააჩოქა, რომელი ვითომ ე.წ. დიდი იერარქი არ დააჩოქა პატარა კორონავირუსმა, რომელიც მიკროსკოპშიც არ ჩანს. ღმერთთან არ უნდათ ქედი მოიდრიკონ და იმას უდრეკენ. ადამიანს ადამიანის სახეს არ დაგვიტოვებენ ცოტა ხანში, მაინც და მაინც ნიღბით უნდა იარო ადამიანმა? ღმერთმა სახე მოგვცა, სადაც არ არის საჭირო იქ არ უნდა იარო, სადაც საჭიროა სიფრთხილე უნდა დაიცვა ადამიანმა“, – აღნიშნა მღვდელმთავარმა.

მან ასევე ჟურნალისტებსაც მიმართა.

“ეს რა არის, ამ ბოლოს დედებზე და ქალებზე რომ წავიდა შეტევა? ბოდბის მონასტრისნაირი ბევრი გინახავთ საქართველოში და მსოფლიოში? ვის ებრძვით? როგორ შეიძლება, წმინდა ნინოს სამფლობელოსთან, სადაც ტაძარი აშენდა, თურმე ვიღაცის მამაპაპისეული მიწა იყო…როგორ იყო მამაპაპისეული? როგორ შეიძლება? მაპატიეთ, ქართველი ადამიანები იდიოტები არ ვართ” , – აღნიშნა მან.

მეუფემ ასევე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ საპატიმროდან პატრიარქის მისამართით გავრცელებულ გზავნილზე გააკეთა კომენტარი.

“ვულოცავ, რომ გამოვიდა ციხიდან , მაგრამ თავის თავზე უნდა ეფიქრა, იქიდან რომ მოუწოდებდა პატრიარქს. რა გაგიკეთებია? – შენს თავს მიხედე. თქვენი დარიგება არ გვჭირდება, გარედან არავის დარიგება არ გვჭირდება. დარიგება თუ გინდათ მოდით წყნარად დაგვარიგეთ და თქვენგან დასარიგებელი, გიცნობთ ყველას და არავისგან არაფერი გვაქვს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.