მთავარი პროკურატურა “ციანიდის საქმის” დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებს იძიებსოქტომბერი 3, 2017

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

რამდენიმე მედიასაშუალებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალები გავრცელდა. კერძოდ, მედიაში სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი