4 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარიოქტომბერი 4, 2017

ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნა.

მოციქულისა კოდრატე 70-თაგანისა (დაახ. 130); მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსისა და ანდრია ხუცისა (730-735); ისააკისა და მელეტისა, კვიპროსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა ევსევისა და პრისკესი; პოვნა წმიდათა ნაწილთა დიმიტრისა, როსტოველი მიტროპოლიტისა (1752).

 

ლიტ. – ეფ. 231 დას. V, 25-33. ლკ. 12 დას. IV, 1-15.

● ლიტურგიის ჩამოლოცვის შემდეგ გუნდი გალობს ჯვრის ტროპარს, მღვდელი სამეუფო კარით გადის ანალოღიასთან, რომელზედაც დაბრძანებულია წმ. ჯვარი, და უკმევს სამჯერ. შემდეგ ჯვრის კონდაკის გალობისას მღვდელი, რომელსაც წინ მიუძღვის დიაკონი (ან მნათე) სანთლით ხელში, გადააბრძანებს ჯვარს ტრაპეზზე და უკმევს ჯვარსა და ტრაპეზს.

 

წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ გააფთრებული ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, ზეგარდმო შეწევნით, წმიდანი ცოცხალი დარჩა. მაშინ უღმრთოებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული (+დაახლ. 130). კოდრატეს წმიდა ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს.

ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.