საპატრიარქო – “ასაკიდან გამომდინარე გარდაცვლილი მოზარდისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული”აგვისტო 30, 2020

საპატრიარქო თერჯოლაში 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ „ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“.

„თერჯოლის რაიონში ახლად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძის განვცხადება, რომ მოზარდმა თუ თავი მოიკლა, წესს ვერ აუგებდნენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებდნენ.

წუხელ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.  ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ განუცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.