მეუფე შიო: “ილია მეორეს ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ მან ააღორძინა სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული”სექტემბერი 21, 2020

სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, ილია მეორეს ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ მან ააღორძინა სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული, – ამის შესახებ კათოლიკოს – პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

„ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც არის დედა ყოველი ჩვენთაგანის. ვეცადოთ, ღირსნი ვიყოთ იმისა, რომ ჩვენ ერთი მოდგმისანი ვართ, იმ მოდგმისა, რომლისგანაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ჩვენ, დღეს, ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს ილია მეორეს ეს დღე, იმიტომ, რომ ყველა დიდ ღვაწლთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ მან ააღორძინა სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული. ეს გააღვიძა და ააღორძინა ჩვენს ერში, რისი დაგვირგვინებაც გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა და სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს მისი უწმინდესობა პირადად ლოცავს იმ ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან სიმსივნეს.

„დღეს, ჩვენ ვლოცავთ ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს, რომელთაც ეს მძიმე სენი დაამარცხეს და მათი სახით ვლოცავთ ყველა ბავშვს. განსაკუთრებით მათ, რომელთაც აქვთ პრობლემები და ვუსურვებთ განკურნებას, ღვთისა და ღვთისმშობლის შეწევნას, მფარველობას, რომ დასძლიონ ეს მძიმე სენი, თავისი ცხოვრებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ერთგული შვილები იყვნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”, – განაცხადა მეუფე შიომ.