“მოღალატეობრივი” – საპატრიარქო ყოფილი სახელმწიფო კომისიის მუშაობას აფასებსოქტომბერი 4, 2020

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას „მოღალატეობრივად“ აფასებს. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით-გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე: როგორ შეაფასებდით საზღვრის სადემარკაციო ძველი კომისიის მუშაობას? ჯაღმაიძემ უპასუხა: „მოღალატეობრივად“.

„მგონია, რომ შეიძლება ასე შეფასება გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს. ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწყვეტილებები. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. რომ ყოფილიყო იგივე ნება ზედა ინსტანციებშიც, საბოლოოდ შეიძლება დაკარგულიყო. თუმცა, დღეს სრულიად შესაძლებელია ამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების და ოქმების რევიზია, გადახედვა და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება. ახალ კომისიას აქვს პრინციპულად შეცვლილი სამოქმედო გეგმა, პრინციპულად სხვა ღრმა კვლევას და ავთენტურ დოკუმენტაციას ეყრდნობა მათი მიდგომები, ამიტომ გაცილებით მეტია იმედი. განახლებული კომისიის მუშაობის დაწყება ვიცით, რომ უკავშირდებოდა იმ რუკის მოპოვებას, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, შარშან არსებობდა ამ რუკის ასლი, ავთენტურობის დამტკიცება და კომისიაში ამის გამოყენება ვერ ხერხდებოდა. სიახლე რაც არის ახლა, რაზეც გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება, მდგომარეობს იმაში, რომ მოპოვებულია ის კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ავთენტურია და შესაძლებელია გამოყენებული იყოს კომისიის მუშაობაში, როგორც საფუძველი საზღვრის გავლებისა. თავიდანვე ასე უნდა წარმართულიყო მუშაობა, მაგრამ რატომღაც გაუგებარ ვითარებაში მოხდა 1938 წლის რუკის ამოღება სამუშაო პროცესიდან და კომისია ხელმძღვანელობდა გაუგებარი რუკებით. ვერ გეტყვით ეს რუკა რატომ ამოიღეს, რა მოტივით, ვინ იდგა მათ უკან და როგორ გაბედეს ასეთი რაღაცები, ამას ძიება გვიჩვენებს და ჩვენც ველოდებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესს და ინფორმაციას, რაც სასულიერო პირებმა გამოკითხვისას შესაბამის უწყებას მიაწოდეს, ჯაღმაიძე ამბობს, მან ამის შესახებ არ იცის.

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დავით გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ფაქტიურად ბოლო ათწლეულების მატიანე. მათ შეუძლიათ პირდაპირ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია.

თავდაცვის უწყებებს არანაირი მითითება ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. გარეჯის ლავრაში პრობლემა არ არის, პრობლემაა ქედზე მდებარე მონასტრებში – ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებში“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.