მეუფე შიო: “დღევანდელი სამყარო ავად არის იმით, რომ უფრო საკუთარ ძალებს ეყრდნობიან ადამიანები, ვიდრე ღვთის წყალობას”ოქტომბერი 11, 2020

დღევანდელი სამყარო ავად არის იმით, რომ უფრო საკუთარ ძალებს ეყრდნობიან ადამიანები, ვიდრე ღვთის წყალობას და ღვთის შეწევნას, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ჩვენ ხშირად მივმართავთ ღმერთს, გვინდა რომ გვიპასუხოს, რელიგიური, ღრმა განცდები გვქონდეს, მაგრამ გვავიწყდება, რომ დღითიდღე ისე ვცხოვრობთ, არ გვახსოვს ღმერთი, არ ვცხოვრობთ მისი მცნებებით.

„დღეს მსოფლიოში თითქმის დავიწყებულია სწავლება უფლისა. დღევანდელი სამყარო ავად არის იმით, რომ უფრო საკუთარ ძალებს ეყრდნობიან ადამიანები, ვიდრე ღვთის წყალობას და ღვთის შეწევნას. უფალი იესო ქრისტეს სიტყვები გახსოვთ? – „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“. დავით წინასწარმეტყველიც ბრძანებს იგივეს. დღევანდელ სახარებაშიც ჩანს ეს. უფალი იესო ქრისტე მიდის გენისარეთის ტბასთან რომ უქადაგოს ხალხს, სადაც მრავალი ადამიანია. ტბაზე თევზაობენ ადამიანები, მისი მომავალი მოციქულები – პეტრე, იოანე, იაკობი და სხვები. უფალი სთხოვთ მათ ნავს იმისთვის, რომ ამ ნავიდან იქადაგოს. დაუთმობს პეტრე თავის ნავს და როდესაც დაასრულებს ქადაგებას, ეტყვის პეტრეს, რომ მოისროლე ბადე, რომ დაიჭირო თევზიო. პეტრე პასუხობს: მოძღვარო, მთელი ღამე ვითევზავეთ ჩვენ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენ დაგიჯერებთო. მართლაც ისვრის ბადეს და იმდენ თევზს იჭერენ ორივე ნავი ივსება და ბადეებიც იხევა ამ რაოდენობისგან. აქ ჩანს, რომ მთელი ღამე იშრომეს თავისი ძალებით და ვერაფერი დაიჭირეს, უფლის ლოცვა-კურთხევით ასეთი სასწაული მოხდა. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს რომ მოგვცეს ლოცვა-კურთხევა ყველა საქმეზე. უფლის კურთხევის და ლოცვის გარეშე არა აქვს ადამიანის ცხოვრებას წარმატება. შეიძლება, იყოს გარკვეული სიკეთე მის ცხოვრებაში საქმიანობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ არის ხარისხიანი და მადლიანი. პეტრემ და მისმა მეგობრებმა გამოიჩინეს სიმდაბლე და მოკრძალება. მათ მიიღეს ეს დიდი წყალობა იმიტომ, რომ პეტრე მოემსახურა, დაეხმარა უფალს, მისცა თავისი ნავი, ხელი შეუწყო ღვთის სიტყვის ქადაგებას, რაც უფლისთვის მნიშვნელოვანია დედამიწაზე. ამიტომაც მიიღო ასეთი დიდი მადლი და კურთხევა. ასევე შეიძლება ითქვას კიდევ ერთ შინაგან განწყობაზე, რომელიც პეტრემ გამოავლინა. როდესაც მან იხილა ეს სასწაული, მას არ უთქვამს რომ „ბედმა გამიღიმა“, „გამიმართლა“. იგი მიხვდა, რომ მის წინაშე საოცარი ადამიანი დგას და უფლის სასწაული მოხდა, ამიტომ შეეშინდა და ამბობს სიტყვებს: „განვედ ჩემგან, რამეთუ მე კაცი ცოდვილი ვარ“. რაც ნიშნავს, რომ მან ღირსად არ ჩათვალა თავი ცოდვების გამო იმავე ნავში იყოს უფალ იესო ქრისტესთან. ეს გამოიწვია მისმა მორჩილებამ, სინანულმა, გაცნობიერებამ რომ ცოდვილია. ამიტომ უფალი ეტყვის: „ამიერიდან გყო შენ მესათხევლე კაცთა, მონადირე კაცთა“. წმინდა მამები არაერთგზის ამბობენ, რომ ასეთი განწყობა უნდა გვქონდეს ჩვენ ლოცვის დროს, როდესაც მივეახლებით უფალს, უნდა გვქონდეს სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, განცდა იმისთვის, რომ უფალმა ჩვენ გვიპასუხოს. ჩვენ ხშირად მივმართავთ ღმერთს, გვინდა რომ გვიპასუხოს, რელიგიური, ღრმა განცდები გვქონდეს, მაგრამ გვავიწყდება, რომ დღითიდღე ისე ვცხოვრობთ არ გვახსოვს ღმერთი, არ ვცხოვრობთ მისი მცნებებით. როდესაც გაგვახსენდება და მივმართავთ, გვინდა უმალვე გვიპასუხოს და შეასრულოს ჩვენი თხოვნები, მაგრამ ასე არ არის. უფალი რომ მოგვიახლოვდეს, ეს ჩვენთვის შეიძლება დასასჯელიც კი იყოს. ამიტომ უნდა გვქონდეს განწყობა – „განვედ ჩემგან, მე არ ვარ ღირსი, რომ შენთან ვიყო, აქ ვიდგე“. თუ ჩვენ უფალი არ გვპასუხობს, უნდა ვიკმაროთ ის, რომ ჩვენ ის გვწამს, ჩვენ მას ვიცნობთ, ჩვენ იგი გვიყვარს. ჩვენი ცხოვრებით და აზროვნებით უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლა გვსურს, ერთადერთი ჩვენი წყურვილი და მისწრაფება არის ყოფნა უფალ იესო ქრისტესთან. მაშინ მოვესწრებით რომ გავიგონებთ მის სასიხარულო ხმას – „მოვედ ჩემდა კურთხეულო შვილო“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.