25 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარიოქტომბერი 25, 2017

მოწამეთა: პროვოსისა, ტარახოსისა და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმა წმიდაქალაქელისა, მაიუმელ ეპისკოპოსისა და კანონმთქმელისა (დაახ. 787); მოწამისა დომნიკასი (286); მარტინე მოწყალისა, ტურელი ეპისკოპოსისა (400);

დღესასწაული იერუსალიმის ყოველადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა (48).

 

ლიტ. – კოლ. 251 დას. I, 18-23. ლკ. 37 და. VIII, 22-25. მოწ. – ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.

წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდა აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა საწამებლად გადასცა ისინი. გაბოროტებულმა ჯალათებმა მარტვილებს თავს დაატეხეს ყოველგვარი სატანჯველი, რომლის მოფიქრებაც შეეძლოთ, ბოლოს კი ყველანი დაუნდობლად აჩეხეს. ქრისტიანებმა წმიდანთა ცხედრები ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს.

 

ღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.