ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ფოთში ჩააბრძანესნოემბერი 8, 2017

ფოთის საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს. დიდმოწამე დედოფლის ნაწილები ლაზეთის ეპარქიიდან გადააბრძანეს.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა აღავლინა. ლუსკუმა წმინდა ნაწილებით ტაძარში 12 ნოემბრამდე იქნება დასვენებული და მრევლს მოლოცვის საშუალება ექნება.

”წმინდა ნაწილების მოგზაურობა მიღებული პრაქტიკაა ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებაში, მაგრამ ამ პრაქტიკის უკან დგას დიდი შინაარსი, რომ ადამიანები გაძლიერდნენ. ადამიანს სულიერ პრობლემებთან დაპირისპირებაში სჭირდება გაძლიერება, თუმცა ეს ადვილი არ არის. რომ არა ღმერთის რწმენა და იმედი, შეუძლებელი იქნებოდა დაუზიანებლად ამ წუთისოფლის გავლა, ამიტომ, ადამიანი ყოველგვარი გამოწვევის წინაში მუდამ ფხიზლად უნდა იყოს“,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვის მანძილზე დარჩება და სხვადასხვა ეპარქიას მოივლის.

IPN.GE