ავსტრალიელ მღვდლებს აღსარების გათქმას აიძულებენაგვისტო 15, 2017

ავსტრალიაში, შესაძლოა, კათოლიკე მღვდლების სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს, თუკი სინანულის საიდუმლოს არ დაარღვევენ და პოლიციას  იმ ადამიანის აღსარებას არ შეატყობინებენ, ვისაც სექსუალური ძალადობა აქვს ჩადენილი.

ავსტრალიელმა კათოლიკეებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ ინიციატივას შეეწინააღმდეგებიან.

აღსარების საიდუმლოს გათქმის ინიციატივა სპეციალურმა სამეფო კომისიამ შეიმუშავა, რომელიც არასრულწლოვნებზე განხორციელებული სექასუალური ძალადობის შემთხვევებს სწავლობს.

კომისიამ მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო გაერკვია, რომ ბევრი მოძალადე დანაშაულს აღსარების დროს აღიარებს, რადგან იციან, რომ მათ ამბავს პოლიცია ვერ შეიტყობს.

მელბურნის მთავარეპისკოპოსმა კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ აღსარება კათოლიკურ ეკლესიაში ღმერთთან სულიერ ურთიერთობას წარმოადგენს მოძღვრის მეშვეობით და თავისუფალი აღმსარებლობის ფუნდამენტური ნაწილია.