პატრიარქი – საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთინოემბერი 13, 2017

საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილთ თეატრალური წარმოდგენის შემდეგ მიმართა, რომლითაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღე იყო სცენაზე გაცოცხლებული.

“ქართველნო, გახსოვდეთ მარად, გოლგოთას მოსდევს აღდგომა. საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი. ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. წმინდათა ასი ათასთა მოწამეთა ლოცვებით ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!”, – ბრძანა უწმინდესმა.
ხვარაზმელთა მთავარმა ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს ასი ათას ქართველს მეტეხის ხიდზე ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა მოთხოვა, უარის მიღების შემდეგ ჯალალ ედ-დინის ბრძანებით მათ თავები დააჭრეს და მტკვარში ჩაყარეს.

IPN.GE