ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი – ჩვენი მიზანია ქართული საზოგადოების კეთილდღეობაში ჩვენი როლი ვითამაშოთნოემბერი 14, 2017

14 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ახალ ეპისკოპოსს, მარკუს შოხს, უმასპინძლა.

ზაზა ვაშაყმაძემ, სტუმარს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით მიმდინარე პროცესები გააცნო; ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების, კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმის შესახებ; რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობაზე ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგს.

სააგენტოს თავმჯდომარემ ეპისკოპოსს წარუდგინა რელიგიური რუკა და რელიგიური კალენდარი, რომელშიც ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაულია აღნიშნული.

მარკუს შოხის განცხადებით, ლუთერანული ეკლესია შეეცდება საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები განახორციელოს. „ჩვენი მიზანია ქართული საზოგადოების კეთილდღეობაში ჩვენი როლი ვითამაშოთ“ – განაცხადა ეპისკოპოსმა.