ილია მეორემ ეკლესიათა ლიდერების მილოცვები მიიღოაგვისტო 15, 2017

ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრავალი მილოცვა მიიღო. ამის შესახებ საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. მოლოცვებს შორის არის მსოფლიო პატრიარქის ბართლომესა და რომის პაპის, ფრანცისკეს მისალოცები.

ჩვენო უნეტარესო ძმაო, უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი, ყველა წმინდა ძმასთან ერთად ჩვენც გილოცავთ უდიდეს და მრავალწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიაში მას შემდეგ რაც გახდით ამ წმინდა ეკლესიის საჭეთმპყორბელი. განსაკუთრებით დიდ სიხარულით გიკავშირდებით მსოფლიო საპარიარქოდან და პირადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, უფლის ერის ხსნისათვის და მისი წმინდა სახელის სადიდებლად.

გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი  საქმეების მიმართ.

თქვენი დიდად მოყვარული და თქვენი სამსახურისათვის მუდამ მზად მყოფი,
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი.

 

თქვენი ზეციური მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიხარულითა და სულიერი სიახლოვის განცდით ვუძღვნი თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს საუკეთესო, გულითად სურვილებს. არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა ერთურთისათვის ლოცვისა, რომელიც გასულ წელს, თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ჩვენი დაუვიწყარი შეხვედრისას ერთმანეთს აღვუთქვით. გარწმუნებთ რომ, პირნათლად ვასრულებ ამ დანაპირებს, განსაკუთრებით ამ საიუბილეო წელს, როცა საქართველოს ეკლესია ზეიმობს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების მეორმოცე და დაბადებიდან ოთხმოცდამეხუთე, ასევე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მეასე წლისთავს.

შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა წმინდანის, ელიას მეოხებით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ერთობა იესო ქრისტეში, უფლისეულო ძმაო; მსურს კვლავაც გამოვხატო თქვენდამი ღრმა სულიერი სიახლოვის გრძნობა და გიძღვნათ ძმური მშვიდობის ამბორი.

პაპი ფრანცისკე