პატრიარქი 4 დეკემბერს მოსკოვში არ გაემგზავრებანოემბერი 24, 2017

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 4 დეკემბერს მოსკოვში დაგეგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად არ გაემგზავრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, აღნიშნულ ღონისძიებაზე, ზოგადად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, მოსკოვში სამი მღვდელმთავარი გაემგზავრება და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი. მღვდელმთავრები მოსკოვში 1-ელ დეკემბერს გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ 4 დეკემბერს დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომლებიც რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

მამა მიქაელის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო არ არის, რადგან დელეგაციის შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც უწმინდესმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაასახელა.

4 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის პატრიარქმა მიიწვია.

IPN.GE