პატრიარქის მოსაყდრის ფუნქციები უახლოეს დღეებში გაირკვევა – დეკანოზი მიქაელ ბოტკოველინოემბერი 24, 2017

ამ დროისთვის უცნობია, რა ფუნქციებს განახორციელებს მეუფე შიო, როგორც პატრიარქის მოსაყდრე, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს უწმინდესს ესაუბრა, თუ რა იქნება მეუფე შიოს, როგორც მოსაყდრის უფლება–მოვალეობა.

დეკანოზის განცხადებით, რამდენიმე დღეში პატრიარქის მოსაყდრის უფლება–მოვალეობები წერილობით განისაზღვრება.

„მეუფე შიო აქამდეც ასრულებდა ქორეპისკოპოსის ფუნქციას. ის მესამე ქორეპისკოპოსი იყო და საპატრიარქოში კურირებდა ორ მიმართულებას. მეუფე შიოს საჯარისო ნაწილებში მყოფ სასულიერო პირებზე, ე.წ. კაპელანებზე ზედამხედველობა ევალა, ასევე, ხელმძღვანელობდა მცხეთა–თბილისში არსებულ მონასტრებს. ჩვენ ვესაუბრეთ მის უწმინდესობას და მან თქვა, რომ რამდენიმე დღეში ჩამოვყალიბდებით და წერილობითაც გავწერთ, რათა უფლება–მოვალეობები განვუსაზღვროთ მეუფე შიოს“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

როგორც ცნობილია, პატრიარქმა გიორგობის დღესასწაულზე მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

IPN.GE