ისრაელში მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკური იატაკი აღმოაჩინესნოემბერი 24, 2017

ისრაელში, ქალაქ აშდოდთან ახლოს, არქეოლოგთა ჯგუფმა თელ-ავივის უნივერსიტეტის დოქტორის ალექსანდრე ფანტალკინის და ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორის ანჟელიკა ბერლიონგის ხელმძღვანელობით დანგრეული ქართული ეკლესიის (ან მონასტრის) მოზაიკური იატაკი აღმოაჩინა, რომელიც ჩვ. წ. VI საუკუნით თარიღდება.

აღმოჩენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არსებული ბერძნული წარწერის თანახმად, ეს ეკლესია ქართველმა ქრისტიანებმა ააშენეს. ამის შესახებ მიუთითებს ის ფაქტი, რომ წარწერაში გამოყენებულია ძველი ქართული ჟამთაღრიცხვის სისტემა.
ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ეპისკოპოსი პროკოფი, ეკლესიის დამაარსებელი. იქვე წერია თარიღი: ” 292 წლის მესამე ინდიქცია”, რაც თანამედროვე კალენდრის მიხედვით 539 წელს უდრის.
ალექსანდრე ფანტალკინმა “NEWSru.co.il”-ის კორესპონდენტთან საუბარში განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობს ამ ჟამთაღრიცხვის სისტემის გამოყენების მტკიცებულებები, რომლებიც ჩვ. წ. IX საუკენეს განეკუთვნებიან.
ეს სენსაციური აღმოჩენა მეცნიერებს აძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ ქართველები ჟამთაღრიცხვის ამ სისტემით ჯერ კიდევ ჩვ. წ. VI საუკუნეში სარგებლოდნენ, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ისრაელის სანაპიროზე.

არქეოლოგების ვერსიით, აღმოჩენილი მოზაიკა ამშვენებდა პეტრე იბერის მიმდევრების ეკლესიას. პეტრე იბერი იყო მაიუმის ეპისკოპოსი (ღაზის მახლობლად) და ბეთლემში პირველი ქართული ეკლესიის დამაარსებელი. იგი გარდაიცვალა 491 წელს 80 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლო წლები მქადაგებელმა სწორედ აშდოდის მახლობლად გაატარა.
ალექსანდრე ფანტალკინის თქმით, არქეოლოგების მიერ დადასტურებულია ქართული ეკლესიების და მონასტრების არსებობა იერუსალიმში, თუმცა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ეს აღმოჩენა პირველ შეთხვევას წარმოადგენს.
გათხრები აშდოდის სამხრეთ შემოგარენში 2013 წელს დაიწყო. იმავე წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვ.წ.აღ. VIII-VII საუკუნეების პორტის ნაშთი.

წყარო: თაიმერი